26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება, ამ ეტაპზე კი ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,
გადაკეტილია ცენტრალური ქუჩების ნაწილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სლოგანით "ევროპისკენ" დილის 10 საათიდან დაიწყება.
26 მაისის პროგრამა ზუგდიდში ასე გამოიყურება:
10:00 საათიდან - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
12:00 ღონისძიების დაწყება (საბავშვო სივრცეების, ისტორიული გამოფენების, ყვავილების სივრცეების, სპორტული სივრცეების, ღია კაფის, მოსასვენებელი სივრცეების გახსნა, ანიმატორების შოუ)
12:00 - მეწარმების სივრცის გახსნა
12:30 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით
16:50 - თეატრალური წარმოდგენა (პერფორმანსი ) - საქართველოსა და ევროპის ისტორიული თანამეგობრობა, სამეგრელოს მაგალითზე
17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა - საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი
17:20 საათიდან - დასკვნითი კონცერტი ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.
"დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ივლიან და მოქალაქეებთან ფოტოებს გადაიღებენ კოსტიუმირებული მსახიობები, ტერიტორიაზე განთავსდება საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები, თავისუფლების მოედანზე განთავსდება საუკუნის პროექტის, რიკოთის რეალური ლანდშაფტის შემცირებული მაკეტი, დაიდგმევა პირველი თვითმფრინავის მოცულობითი მაკეტი, მოეწყობა ღია კაფე, საბავშვო სივრცეებში, ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა პროფესიის მორგებას, მოეწყობა საბავშვო სამშენებლო კუთხე, ტერიტორიაზე განთავსდება ფოტოსტენდები და მოსასვენებელი სივრცეები. ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ - საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა - დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში - ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით", - აცხადებენ გუბერნიაში.
მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ზუგდიდის ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები