ინალ არძინბა "აზოვსტალის" დამცველების ტრიბუნალში მონაწილეობის საკითხს განიხილავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბამ განცხადებით, "აფხაზეთის რესპუბლიკას ჯერ არ მიუღია მოწვევა დიპლომატიური არხებით "აზოვსტალის" უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ
საერთაშორისო ტრიბუნალში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მზადაა განიხილოს საკითხი, თუკი ეს მოხდება". ამის შესახებ არძინბამ სააგენტო "ტასს" განუცხადა.
"ოფიციალურად, დიპლომატიური არხებით - და ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი აღიარების შემდეგ - ჩვენ არ მიგვიღია ასეთი მოწვევა [ტრიბუნალში მონაწილეობის მისაღებად]. თუ მას მივიღებთ, მაშინ, ბუნებრივია, განვიხილავთ", - თქვა არძინბამ, რომელიც მოსკოვში აფხაზური ფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა.
უფრო ადრე დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ "აზოვსტალის" უკრაინელი სამხედროების სასამართლო პროცესი მაქსიმალურად ღია იქნება, მოწვეული იქნებიან სხვა, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები.
20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, "აზოვსტალის" ყველა დამცველმა დატოვა ქარხნის ტერიტორია. რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები