ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე დისიდენტმა და პოეტმა ედემ კვირტიამ ზუგდიდში, 60-იან წლებში დაწყებულ ანტისაბჭოთა მოძრაობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს მისი წიგნი "პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე", რომელშიც თავმოყრილია მოგონებები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების, იმ დროინდელ ზუგდიდში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების დისიდენტური საქმიანობის შესახებ.
შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეკრანზე ენახათ ედემ კვირტიას დოკუმენტური არქივი და ფოტოები.
შეხვედრის ორგანიზატორი, "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა გვიყვება, რომ 2010 წელს გამოშვებული წიგნი მას ხელში შემთხვევით, ცოტა ხნის წინ ჩაუვარდა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა როგორც ავტორთან, ისე მის თანამებრძოლებთან დაკავშირება, მოგვიანებით კი შეხვედრის ინიციატივაც გაუჩნდა.
"წიგნმა განსაკუთრებული ემოციები აღძრა ჩემში. მასში საუბარია გასული საუკუნის 60-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობაზე, რომელსაც სათავეშო ედგა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. მაშინ, როდესაც მთელ საქართველოში უშიშროების სამსახურს ველი მოსუფთავებული ჰქონდა, სრულიად მოულოდნელად ზუგდიდში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნება ორი ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს დაღწევა საბჭოთა კლანჭებიდან და მისი სრულფასოვანი დამოუკიდებლობა. მას შემდეგ, რაც ეს ისტორია ჩემთვის ცნობილი გახდა, დავიწყე მისი პოპულარიზაცია, ყველა შესაძლო საშუალებით. გავიცანი ანტისაბჭოთა მოძრაობის ჯერ კიდევ ცოცხალი ლიდერები, საუბარი მაქვს ანრიდ სანაიაზე და წიგნის ავტორ ედემ კვირტიაზე", - ამბობს დავით ლოგუა.
ის მიიჩნევს, რომ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს მეტი დაფასება სჭირდებათ. ამასთან ლოგუა მსგავსი შეხვედრების ხშირად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც მისი თქმით დაეხმარება ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე და პარალელი გაავლონ წარსულსა და დღეს მიმდინარე მოვლენებს შორის.
"დღევანდელი შეხვედრა არის პატივისცემის გამოხატულება ედემ კვირტიასა და მისი თანამებრძოლების მიმართ. დასანანია, რომ დღეს ეს ადამიანები მივიწყებულნი არიან. დამოუკიდებლობის დღემ ისე ჩაიარა, არც არავის გახსენებია ისინი, მაშინ როდესაც სწორედ მათ თავგანწირვაზე დგას ქვეყნის დამოუკიდებლობა. სასურველია, სანამ ისინი ჩვენს გვერდით არიან, დავაფასოთ, მოვიკითხოთ და გავამხნევოთ", - თქვა ლოგუამ.
შეხვედრას ედემ კვირტიას ოჯახის წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მათ ედემ კვირტიას კითხვებით მიმართეს და მისი საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადეს.
ედემ კვირტია ჩხოროწყუს სოფელ კირცხში 1943 წელს დაიბადა. ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის ის 1963 წელს სხვა თანამებრძოლებთან ერთად გაასამართლეს. სასჯელს ის 3 წლის განმავლობაში მკაცრი რეჟიმის შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები