წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი მოადგილის, ლაშა ზარქუას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და მის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მერი მადლობას უხდის გადამდგარ პირველ მოადგილეს და წერს, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პერიოდის წარმატებებში, მათ შორის სხვადასხვა პროგრამების და უშუალოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფორმირებაში, რეფორმებსა და თვითმმართველობის მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში.
"იგი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით, მისთვის უმთავრესი იყო წალენჯიხელი ადამიანი, მოქალაქე, მისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი მიზეზი, რაც შეიძლებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებას შემაფერხებელი გამხდარიყო. მაგრამ, როცა საქმე პირადულ გადაწყვეტილებას ეხება, დიდი სიმამაცეა საჭირო! ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელემ რეალობას თვალი ჯიუტად გაუსწორა, აიღო პირადი პასუხისმგებლობა და ეს მაშინ, როცა ფული დაბრუნდა და პროგრამა გრძელდება.
დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, მან საჭიროდ ჩათვალა,აიღო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა და ამით აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში! ამას ვერასდროს გაიგებენ სკამს ჩაჭიდებული ჩინოვნიკები და მედროვე კომფორმისტები, ვერასდროს გაიგებენ ბიუჯეტს მიტმასნილი, ჩასაფრებულ ადამიანთა კასტა, ვერასდროს გაიგებენ ისინი,რომელთაც სახელმწიფო მხოლოდ კეთილდღეობის წყარო ჰგონია და არა პასუხისმგებლობის ნაწილი!
მოსახლეობის და მერიის სახელით, მადლობას ვუხდი ლაშას გაწეული მუშაობისთვის, მიღებული მაღალმორალური გადაწყვეტილებისთვის. ამასთან,ის დარჩება იდეალების ერთგული გუნდის წევრად და კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის კეთების თანაავტორად! წალენჯიხის მერია გააგრძელებს უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას თვითმმართველობაში, დემოკრატიაში,მოსახლეობასთან ურთიერთობაში, გამჭვირვალობაში, მართვის ხარისხში. ჩვენი ხედვებით და გადაწყვეტილებებით, შევცვლით დამკვიდრებულ სტანდარტებს", - წერს გია ხარჩილავა.
ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას
გუშინ მოაწერა ხელი. რამდენიმე კვირის წინ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრხის ქვეშ იყო, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები