სამეგრელოში დააკავეს მედდა, რომელიც 300 ლარად აუცრელ პირებს ვაქცინირებულად არეგისტრირებდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოში სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდა.
"დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ამავე ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები