საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა და შესაბამისი კვლევის შედეგები დღეს პრეზენტაციაზე წარადგინა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არსებული ტენდენცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია და განმარტავენ, რომ ანალიზი 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებულ მონაცემებს ეფუძნება.
კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ კონკრეტულ მაგალითებზეც ისაუბრეს, რა დროსაც რუსული კომპანიები ფიქტიურ მისამართებად სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებში არსებულ ლოკაციებს ირჩევენ.
"როცა საქართველოში კომპანიას არეგისტრირებენ, ფორმალურად სჭირდებათ და ეძებენ რაღაც ფიქტიურ მისამართებს. მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია. სირთულე არ ექმნება ამ ხალხს, მიდიან და ასე ვთქვათ, 1 დღეში კომპანიას არეგისტრირებენ", - აღნიშნა კვლევის ავტორმა ბესო ნამჩვაძემ.
მისივე თქმით, მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.
რაც შეეხება კვლევის სხვა მიგნებებს, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა;
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა - 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც;
კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა;
2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა;
მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად სანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
"საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ამ საკითხს უკვე წლებია სწავლობს და პერიოდულად აქვეყნებს კვლევის შედეგებს.
2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უფრო აქტიურად აკვირდება ამ საკითხს და მომდევნო 8 თვის განმავლობაში წარმოადგენს 3 განახლებად პუბლიკაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებაზე", - ნათქვამია კვლევაში, რომელის
სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები