თბილისის კლინიკაში გარდაცვლილი სენაკელი ბავშვის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
თბილისში, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის სენაკელი ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის დედის მაია ინჯგიას ინფორმაციით, ბიჭი საოპერაციოდ მზად იყო და შესაბამისი კვლევები არსებობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
"კარგად გრძნობდა თავს. მე მასთან ვიყავი. როცა შეიყვანეს და ნარკოზი გაუკეთეს, უცებ მითხრა, ვიხრჩობიო. მე გამომიყვანეს და მითხრეს, რომ ასე იცის ნარკოზმა. ორი ოპერაცია აქვს გადატანილი და არასდროს პრობლემა არ ჰქონია",- ამბობს მაია ინჯგია.
მისივე თქმით, ექიმებმა მას უთხრეს, რომ პაციენტი ქირურგიული ოპერაციის დროს გართულებით გარდაიცვალა, თუმცა დედა ამტკიცებს, რომ ბავშვისთვის ოპერაცია არ გაუკეთებიათ.
7 წლის ბიჭს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ოჯახი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საკითხზე მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.
მასალის გამოყენების პირობები