ახალი ამბები
საია-მ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.


გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკომ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ენმ-ს წარმომადგენელს ვახტანგ წურწუმიას  2022 წლის 31 მაისიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

საია კი მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამისილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.

სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შეიკრიბა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები; ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის (პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლე, გახარია საქართველოსთვის პარტიიდან) უფლებამოსილება, აგრეთვე გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებების მოქმედება სასამართლომ შეაჩერა. ამჟამად საქმე კვლავ სასამართლო განხილვაშია, ხოლო სენაკის საკრებულოს სხდომის ჩატარება 23 თებერვლის შემდეგ აღარ უცდია.

ეს საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ 6-დან, სადაც, არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ხოლო იქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო, ფუნქციონირება ვერ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სენაკის საკრებულოში წარმოდგენილ პარტიებს შორის ვერ მოინახა სივრცე იმ საწყისი კონსენსუსისთვის, რომელიც მხოლოდ სხდომაზე მისვლას მოიაზრებდა. ამ მუნიციპალიტეტში, ბათუმისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები უცხადებდნენ ბოიკოტს სხდომებს, რის გამოც სხვა პარტიები სხდომის გახსნის კვორუმს ვერ აგროვებდნენ. ეს მდგომარეობა თავდაპირველად გამოიწვია იმან, რომ პარტია „საქართველოსთვის“ 1-მა წევრმა დეკემბერშივე უარი თქვა მანდატზე.  შედეგად, მისი ადგილმონაცვლის დამტკიცებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლობა საკრებულოში შემცირდა იმ ოდენობამდე, რაც საკმარისი არ იყო სხდომის გახსნისთვის. სწორედ ამ ვითარებით ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“ და ბოიკოტი გამოუცხადა სხდომებს. ბოლო სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, სწორედ 17 დეკემბერს გაიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები. ამის მიუხედავად, სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა მაჟორიტარმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მანდატი დატოვა. ამ ფაქტმა სწორედ ის გადამწყვეტი 1 დეპუტატი წაართვა სენაკის საკრებულოს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის დასწრების შემთხვევაში ეს ორგანო შეკრებას, შემდეგ კი ფუნქციონირების დაწყებას მოახერხებდა.

საია მიიჩნევს, რომ 9 და 23 თებერვლის სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო, რის გამოც დეპუტატთა შეკრება საკრებულოს სხდომად ვერ ჩაითვლებოდა.  შესაბამისად, სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა (6 თვე ბოლო, 17 დეკემბრის შეკრებიდან). ამდენად, ამ თარიღიდან ავტომატურად გაჩნდა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რის შემდეგაც მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა სამართლებრივი აქტი ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, არის ამ მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობა, რომელიც, კანონის მიხედვით, 2023 წლის აპრილში უნდა გაიმართოს.

ამდენად, ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება“, - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.