აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა დუმილი დაარღვია. საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მედიკოსი ადასტურებს, რომ რუსეთში
გამგზავრებამდე, უწყებაში მართლაც ჩატარდა ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს მხოლოდ "ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას ინტერესებს უკავშირდება, რომელიც აფხაზეთში მედიცინის კომერციულ რელსებზე გადაყვანას გეგმავს". მისი მტკიცებით, პრობლემა იმაშია, რომ ამ ყველაფერს ბუთბა, "სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსის გზიდან ჩამოშორების გარეშე" ვერ გააკეთებს, ამიტომაც დაიწყო მისი (სკორიკის) "დევნა" ყველა მიმართულებით. კერძოდ, მან ისაუბრა მის კაბინეტში განხორციელებულ ჩხრეკაზე და "სუს-ის უხეშ კომუნიკაციაზე მის თანამშრომლებთან".
სკორიკი ირწმუნება, რომ 22 ივლისს მან დაწერა განცხადება "ჯანდაცვის სამინისტროს" ხელმძღვანელის სახელზე, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახური მიზეზების გამო შვებულებაში მიდიოდა და რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრებოდა. ამ დროს, მისი თქმით, მისი უწყების საქმიანობის ოფიციალური აუდიტი დასასრულს უახლოვდებოდა და ფინანსურ საქმიანობაში სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.
სკორიკის თქმით, მისი გაუჩინარების შესახებ შეტყობინებისას "ჯანდაცვის სამინისტროს" მისი შვებულების შესახებ არაფერი უხსენებია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლებმა დაიწყეს სოციალურ ქსელებში მის მიერ "მოპარული მილიონების შესახებ" წერა. ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მასთან შემოდიოდა ზარები საქართველოდან, ხოლო ჟენევაში მოგზაურობის ფარგლებში, "ის ხვდებოდა ქართველებს და ამორალურად იქცეოდა, გარდა ამისა, ის საქართველოდან იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას და აღჭურვილობას".
ლუდმილა სკორიკის თქმით, მისი პიროვნების მაკომპრომეტირებელი მასალების გავრცელების შემდეგ, მან ახსნა-განმარტებებისთვის "პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს" მიმართა წერილობით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის
განაცხადებით, "აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ქონების მიტაცებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით".
აფხაზური მედიის თანახმად, ის ფაქტი, რომ ლუდმილა სკორიკი სამუშაო ადგილზე 25 ივლისიდან არ იმყოფებოდა, აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. აფხაზეთის "ჯანდაცვის სამინისტრომ" მაშინ განაცხადა, რომ შიდა შემოწმებას ატარებდნენ.
8 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ივლისიდან სამუშაო ადგილზე რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის არყოფნის გამო შიდა შემოწმებას ატარებდა.
მასალის გამოყენების პირობები