მოძრაობა "დროას" ადგილობრივ წარმომადგენელს მარიამ სიჭინავას ზუგდიდის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მისი ოფისის შენობიდან ჩამოხსნილი საპროტესტო ბანერი დაუბრუნა.
აღნიშნული დაკმაყოფილდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიჭინავას ქცევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განიხილეს და სამართალდამცავებს მისთვის ბანერის დაბრუნება დაავალეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი ივლისში გაამართლა. საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პოლიციამ "დროას" ოფისის ფასადიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერი ჩამოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება აქტივისტის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი ზუგდიდის სასამართლომ მომხდარი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევად მიიჩნია და ის დამნაშავედ ცნო, თუმცა, ჯარიმისგან გაათავისუფლა.
სააპელაციო სასამართლოში მარიამ სიჭინავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი იცავდა.
მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ბანერზე განთავსებული წარწერით მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები გააპროტესტა.
ამავე თემაზე: სააპელაციომ გაამართლა ზუგდიდელი აქტივისტი, რომელმაც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინა
მასალის გამოყენების პირობები