საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისთვის, საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯილდოს მიღებას სოციალურ ქსელში მომღერალი გამოეხმაურა.
„28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისთვის მიძღვნილ საღამოზე, შევასრულე სიმღერა- მაგნოლია.
“დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?!
როგორ მინდა შენთან,
როგორ მინდა შენთან
ჩემო მაგნოლია”
ეს ის სიტყვებია, რომელიც მე ბრაზს, ტკივილს, სიყვარულს, მონატრებას, იმედგაცრუებას, სინანულს, შიშს ერთ წამში მიტრიალებს და ვერ ვხვდები ამდენ ემოციას რა ვუყო! ..
საღამოს დასრულების შემდეგ, პირველი ბაბუას დავურეკე, რომელიც სწორედ დღეს გავაცილე აფხაზეთში. ვუთხარი რომ პრეზიდენტმა ღირსების მედლით დამაჯილდოვა.
მისი ემოციური ხმა არასდროს არ დამავიწყდება, ბედნიერებისგან ორივე ავტირდით…
“ბაბუ, მე ახლა დიდი იმედით ვბრუნდები სახლში, მადლობა რომ ასე გამახარე და ასეთი ძალა მომეცი, მე ყოველთვის მჯეროდა შენი.”
მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ამ ჯილდოსთვის, ამ ბედნიერი და დაუვიწყარი დღისთვის.
დღეს პირობა დავდე, რომ ამ ღირსების მედალს მე ჩემს სახლში, აფხაზეთის სოფელ ნაბაკევში ჩავიტან!“, - წერს ფეისბუქზე მომღერალი.
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მასალის გამოყენების პირობები