კულტურის სამინისტრო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეძებს. შესაბამისი კონკურსი უწყებამ უკვე გამოაცხადა.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამინდელ ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2023 წლის 3 იანვარს ეწურება.
განკარგულების შესაბამისად, იოსელიანს ახალ კონკურსში მონაწილეობის უფლებაც აქვს. რამაზ იოსელიანი ამ პოსტზე 2019 წლის 5 იანვარს დაინიშნა.
პირობების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველი უნდა იყოს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
„კანდიდატი ვალდებულია, წარმოადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც უნდა ახსნას, როგორ წარმოუდგენია თეატრის განვითარება; როგორ შესთავაზებს თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებს საზოგადოებას; როგორ შეუწყობს ხელს თეატრი ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, თეატრის მხატვრებსა და სხვა პროფესიონალებს; ასევე, როგორ გეგმავს თეატრის მონაწილეობას ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებაში და სხვა.
თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე“, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.
კანდიდატებს საკონკურსო განცხადებების შეტანა 2022 წლის 17 ოქტომბირდან 4 ნოემბრამდე შეუძლიათ. კულტურის სამინისტრომ კონკურსი 3 თეატრისთვის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოაცხადა, მათ შორისაა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულენოვანი თეატრიც.
მასალის გამოყენების პირობები