ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია ზუგდიდის მერიისგან "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის განხორციელებას ითხოვს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა. ლაშხია განმარტავს, რომ შესაბამის კონკურსში მეგობართან ერთად მიიღო მონაწილეობა და მათი იდეა კოსტავას ქუჩაზე სკვერის გაშენებას გულისხმობდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სკვერში უნდა განთავსებულიყო ქუჩის ტრენაჟორები და საბავშვო ამფითეატრი. მეგობრების ინიციატივით, მოსასვენებელ სივრცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის დავით ჯიქიას სახელი უნდა მინიჭებოდა.
"2018 წელს მე და ჩემმა მეგობარმა მერიაში შევიტანეთ პროექტი. არჩევნები მოვიგეთ, პროექტის ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს. 2019 წელს მეორედ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ზემოთ აღნიშნული თანხა, მხოლოდ ქუჩის ტრენაჟორებისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლებში პროექტით გაწერილი სამუშაოები არ ჩატარებულა. საბედნიეროდ, მეორე არჩევნებიც მოვიგეთ, ამჯერად პროექტის ღირებულება შეადგენდა 33 000 ლარს.
ადგილი, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, თავიდანვე შევათანხმეთ მერიასთან. 2018-2019 წლის არჩევნებში ადგილთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღემდე დგას მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომლის გადატანას მერია შეგვპირდა. ყველა ჩატარებული არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, რომ გადაიტანდნენ სხვა ლოკაციაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა პროექტს ძვრა არ ჰქონდა, მივედით მერიაში, სადაც გამოგვიცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო სამუშაოები შეჩერებული იყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გადავაგორეთ, ისევ მივაკითხეთ მერიას, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ადგილი, რომელსაც თავიდანვე თან ახლდა მათი თანხმობა ზედიზედ ორი არჩევნების ჩატარების დროს, გაგიკვირდებათ, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ყოფილა. როგორც გვითხრეს, მისწერეს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა, სამინისტრომ ნებართვა არ გასცა იქ რაიმე სახის პროექტების განხორციელების. რაც შეეხება ალტერნატივას, დაგვპირდნენ, რომ აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე მეტრში გაშენდებოდა სკვერი, მაგრამ დაპირება, დაპირებად დარჩა. ამასობაში გავიდა 4 წელი, მე-5 სადაცაა კარს შემოაღებს. მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სად წავიდა ჩვენი კუთვნილი 83 000 ლარი? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?", - წერს ნიკა ლაშხია.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში გვიპასუხეს, რომ პრობლების შესახებ მათთვის ცნობილია და ისინი ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაზე მუშაობენ.
"მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩანს მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. მათი მონაწილეობით კონკრეტულ ლოკაციებზე შეირჩევა პროექტები. დღემდე განხორციელდა 26 და, გვაქვს მიმდინარე პროექტებიც. არის ისეთებიც, რომელთა განხორციელება ტექნიკურად ვერ მოხერხდა, მათ შორისაა ის პროექტი, რომელიც თქვენ უკვე აღნიშნეთ. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, ვიცით ამ პრობლემაზე. ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიული ადგილის შერჩევაზე და რა თქმა უნდ,ა პროექტის ავტორებთან გაგრძელდება კომუნიკაცია და აუცილებლად ერთად შევარჩევთ სხვა ტერიტორიას", - განგვიმარტეს პრესცენტრში.
"სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა ზუგდიდის მერიამ 2019 წელს დანერგა. პროექტის ფარგლებში, მერიაში საკუთარი იდეის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდში. საბოლოოდ, ქალაქის სხვადასხვა უბანში არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პროექტს გამოავლენენ, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროგრამის დაწყების დროს მისი ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები