აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო "კანონპროექტი" 2023 წლის 31 დეკემბრამდე "ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის მორატორიუმის შესახებ".
გამოცემა "აბხაზია ინფორმის" თანახმად, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "კანონის" მიღება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის:
2022 წლის ივლისში ენერგოტარიფების ზრდის პირველ ეტაპს, პროცენტული კუთხით, გადახდების აკრეფის ზრდა არ მოჰყოლია;
მორატორიუმის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ისევ იგივე ელექტროენერგიის მომხმარებლებზე მოდის, რომლებიც აღჭურვილია ელექტრონული აღრიცხვის მოწყობილობებით;
გარდა ამისა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება არ გამოუწვევია.
ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სოციალურად არაადეკვატური ზომაა, რადგან რესპუბლიკაში "მინისტრთა კაბინეტის" მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასი 10 000 რუბლს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგიაზე ყოველთვიური საშუალო გადასახადი 1000 რუბლია, სხვა კომუნალური გადასახადების გათვალისწინების გარეშე.
"ეს გადახდა მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს, მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებს. დღეს აფხაზეთში, დაახლოებით, 12 ათასი პენსიონერი რუსულ პენსიას ვერ იღებს და მათი შემოსავალი სამი ათასს რუბლს შეადგენს. ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიისთვის პენსიის 50%-ის გადახდა – შეუძლებელია", – განმარტებულია დოკუმენტში.
კანონპროექტის მიღების ინიციატორის დეპუტატის ერიკ რშტუნის განცხადებით, "გამრიცხველიანებამდე ტარიფების გაზრდას აზრი არ აქვს".
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ტარიფები აფხაზეთში 2012 წლის შემდეგ პირველად 1 ივლისიდან გაზარდა. ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც მრიცხველი არ აქვთ, ტარიფი 90 კაპიკი კვტ/სთ-ზე, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 70 კაპიკი, ხოლო იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის 1 რუბლს 40 კაპიკი კვტ/სთ-ში გახდა.
7 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიაზე ისევ შეზღუდვები დაწესდა და "მარაოსებრი" გრაფიკი ამოქმედდა, რაც აჩიგვარას ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნას უკავშირდება.
უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები