"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა,
რაც, მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია,რომ გაზაფხულიდან ხორბლის პროდუქციის ფასები შეიცვალოს. ამის მიზეზი კი შეიძლება საწარმოებში დასაქმებულების ხელფასის გაზრდა გახდეს.
"ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები.
ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება," - განაცხადა სილაგავამ პრესკონფერენციაზე.
ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში დღეს ხორბლის საკმარისი მარაგი არსებობს,რაც ამ ეტაპზე პურის ფასის სტაბილურობას განაპირობებს.
მასალის გამოყენების პირობები