ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია ხვალ, 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება
და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე გააჟღერა.
როგორც გორგოძემ აღნიშნა, საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
"საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება", - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები