სამეგრელოდან თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 21 მაშველი იყო წასული
საქართველოდან, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა, მათ შორის 21 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მაშველებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში მსახურობდნენ და მეზობელ ქვეყანაში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი შეხვდნენ. მათ მაშველებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში საქართველოს სახელით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია.
მასალის გამოყენების პირობები