ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე დაიკითხა ყოფილი მძევალი ლაშა შენგელია,
რომელიც თავდამსხმელმა სამ სხვა მამაკაცთან ერთად კირცხის ტყეში ჩამოსვა. შენგელიამ დეტალურად გაიხსენა მარშრუტი, რომელიც შეიარაღებულმა პირმა მანქანით, მძევლებთან ერთად გაიარა. შენგელია ამბობს, რომ მათ წალენჯიხის, მარტვილისა და ჩხოროწყუს სოფლები გაიარეს.
"საბოლოოდ ტელეფონები დაგვატოვებინა მიტოვებულ შენობაში და ჩამოგვსვა კირცხის ტყეში. მანამდე სქურში შეამჩნია, რომ მანქანა მოგვყვებოდა, გაისროლა და ავთო გალდავას დაარეკინა, რომ აღარ გამოგვყოლოდნენ. ტყეში ე.წ. კოვრიკები წყალში გამოავლო, გარეცხა სკამი, სადაც იჯდა და გვითხრა, ფულს დაგიტოვებთ ბიჭებოო. ჩვენ უარი ვუთხარით. მერე გვითხრა, წადით და უკან არ მოიხედოთო. თვითონ იქ დარჩა", - თქვა შენგელიამ.
დღეს სასამართლო კიდევ რამდენიმე
მოწმეს მოუსმენს.
ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს
აიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები