ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორი ქართველის, ლევან მამასახლისა და გრიგოლ ნანავას უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტინა. საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ
2001 და 2003 წლებში მათ დაკავებას და, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობას.
Civil Georgia - ს თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მათგანის დაკავება უკანონო იყო და რომ მამასახლისის მიმართ ადგილი ჰქონდა არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, არცერთ მათგანს არ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო მკურნალობა და არც დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ სამართლიანი პროცესი გაიმართა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისა და სამხედრო ჩართულობის გათვალისწინებით, რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე და შესაბამისად, გააჩნდა იურისდიქცია იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც საჩივრები კეთდებოდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო არ არის პასუხისმგებელი დარღვევებზე, რადგანაც იმ დროს იგი არანაირ კონტროლს არ ახორციელებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად ორივე პირის უფლებები დაეცვა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს რეგიონში არსებული კონფლიქტების სირთულეს და ამ პირობებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას.
სასამართლომ რუსეთს მამასახლისისა და ნანავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ევროს (თითოეულისთვის) გადახდა დააკისრა, 25 000 ევრო კი – სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად (ერთობლივად).
მასალის გამოყენების პირობები