ზუგდიდის "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც "საჯვაროს" უბნის მოსახლეობა რამდენიმე წელი ელოდა, გაუქმდა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათთან" პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ნიკა ლაშხიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ მერიისგან მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რითაც ეცნობათ, რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა, მათ კი "სამოქალაქო ბიუჯეტის" არჩევნებში ხელახლა მოუწევდათ მონაწილეობის მიღება, ოღონდ ლოკაციის ცვლილების შემთხვევაში.
ლაშხია, სხვებთან ერთად, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობას ითხოვდა. მეგობრების ინიციატივით, მოსასვენებელ სივრცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის დავით ჯიქიას სახელი უნდა მინიჭებოდა. სკვერში სატრენაჟორო სივრცე და ამფითეატრი მოეწყობოდა. ამისთვის მათ ჯამურად 83 000 ღირებულების პროექტები წარადგინეს და მოსახლეობის მხარდაჭერაც მოიპოვეს.
"პირველ არჩევნებში რომ მოვიგეთ, ადგილზე მოსული იყო უბნის მაჟორიტარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და თქვეს, რომ ძალიან კარგი ადგილია, იდეალური. ეს ლოკაცია მდებარეობს კოსტავაზე, 7 ქუჩის კვეთაზე და ფაქტობრივად, მთელი უბნის თავშეყრის ადგილია. 33 ათასი უნდა მოხმარებოდა ქუჩის ფიტნესის პროექტს, თითოეული ჭანჭიკის ფასიც კი გვქონდა გაწერილი. მომდევნო წლამდე რომ გაიწელა, ბარემ ამფითეატრის იდეაც რომ მქონდა, ისიც შემოიტანეთო. ისევ მოვიდნენ, შეათვალიერეს ეს ადგილი. გავიმარჯვეთ და 50 000 ლარი დაემატა ამჯერად. ისევ მოვიდნენ, ტრანსფორმატორი ენერგოკომპანიას ეკუთვნისო და ჩვენ მოვაგვარებთო. გადატანისთვის საჭირო თანხას გავიღებთ და სკვერი აშენდებაო. კოვიდი რომ დაიწყო, გვითხრეს ახლა ვერ ვახორციელებთო. პანდემიის შემდეგ, პრობლემა გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო ტერიტორია, თუმცა ამაზეც მამუკა წოწერიამ გვითხრა, რომ არ იქნებოდა პრობლემა. ბოლოს შემოგვთავაზეს იქვე, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-300 კვადრატულ მეტრს გამოვყოფთ, ისე რომ ყველამ ისარგებლესო. რამდენიმე დღის წინ მერიაში იყო პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი და სიტყვა-სიტყვით უთხრეს - "ეს ფული წყალმა წაიღოო", პროექტი გაუქმდა და მოძებნეთო სხვა ადგილი", - ამბობს ლაშხია.
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა განახორციელოს მან, როგორც კონკრეტული უბნის მოსახლემ "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტი სხვა ლოკაციაზე. ის ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
"დაუდევრობა, გულგრილობა, პასუხისმგებლობის არ ქონა - იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ პროექტს დაუჭირა მხარი. ხალხს ვარწმუნებდით, რომ ეს სკვერი გვჭირდება, რომ სასარგებლო იქნება ყველა ასაკის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებისთვის - ამიტომაც დაგვიჭირეს მხარი. 83 000 ლარი რომელმა წყალმა წაიღო, ღელემ თუ ნაკადულმა არ ვიცი, მონაწილეობის მიღებას ხელმეორედ არ ვგეგმავთ. რატომ შეგვარჩევინეს ეს ადგილი, რატომ დაგვრთეს ნება, რომ გვებრძოლა იქ ამფითეატრის და ფიტნეს კუთხის მოსაწყობად? გადავიტანთო ტრანსფორმატორს, მოვაგვარებთ სხვა საკითხებსაც, - ახლა სულელები გამოვდივართ, რომ თურმე ჩვენი დაუდევრობაა, რომ საფრთხეს ვუქმნიდით იქ მცხოვრებლებს?", - გვითხრა მან.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში განგვიმარტეს, რომ 2019 წელს მიღებული საპროექტო ინიციატივებიდან, 2020 წლის ბიუჯეტში 26 აისახა. ამ დროისთვის კი 21 მათგანია განხორციელებული.
"რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მათ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რადგან იყო საფრთხის შემცველი. კერძოდ, ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროსადენები და განთავსებულია ტრანსფორმატორი. პროექტის ავტორებისთვის შეთავაზებულ იქნა წინადადება, მოეძიათ მათთვის მისაღები ალტერნატიული ფართი, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული. მათ შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ პროექტი და მიიღონ კონკურში მონაწილეობა, სხვა ადგილმდებარეობის გათვალისწინებით", - გვიპასუხეს მერიის პრესცენტრში.
"სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა ზუგდიდის მერიამ 2019 წელს დანერგა. პროექტის ფარგლებში, მერიაში საკუთარი იდეის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდში. საბოლოოდ, ქალაქის სხვადასხვა უბანში არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პროექტს გამოავლენენ, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროგრამის დაწყების დროს მისი ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამავე თემაზე:
წლებია ზუგდიდში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შესრულებას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები