აფხაზური დელეგაცია ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა " სამუშაო ვიზიტით"
აფხაზური დელეგაცია "სამუშაო ვიზიტით" ლიბანსა და ავღანეთში იმყოფება. შეხვედრის მიზნად, სოხუმი ქაბულთან და ბეირუთთან ჰუმანიტარული და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ასახელებს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რუსეთში აკრედიტირებული ავღანეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმში ჩავიდა, სადაც "რეგიონული უსაფრთხოებაზე, ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აფხაზეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე" იმსჯელეს. მაშინ "საგარეო უწყების" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ისინი "ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას ახორციელებენ და მხარეებს შორის "დიალოგის გაფართოების მიზნით, აფხაზეთის დელეგაცია ქაბულში ჩასვლას გეგმავს".
2022 წლის აგვისტოში "თალიბანმა" 20 - წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება. ოფიციალურად მას არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, მათ შორის რუსეთიც, თუმცა, რუსეთის საელჩო ავღანეთის დედაქალაქში დღესაც მოქმედებს, ისევე, როგორც ავღანეთის საელჩო რუსეთში.
გარდა ამისა, გასული წლის სექტემბერში "თალიბანმა", ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან გააფორმა პირველი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც მოსკოვისგან ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის ყიდვას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები