ჟენევის დოსკუსიების 57- ე რაუნდის თითქმის ყველა მონაწილემ დაადასტურა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების აუცილებლობა, როგორც ჟენევის დისკუსიების მუშაობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფორმატი. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, აფხაზურმა დელეგაციამ, რომელსაც "საგარეო საქმეთა მინისტრის" მოადგილე ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა "თავისი ვალდებულება ამ მექანიზმის მუშაობის განახლების მიმართ", თუმცა, მათი წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს IPRM ფორმატის განბლოკვას, ქართველი მონაწილეების მხარდაჭერა არ მოჰყოლია".
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეების მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ "მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო".
ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 18 მარტს განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის.
თუმცა, მანამდე, 21 - 22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად. მიმდინარე წლის მარტში ინალ არძინბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის წინადადებითაც გამოვიდა.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი 16 მარტს სოხუმში ჩავიდა, სადაც კონსულტაციები გამართა, თუმცა ინალ არძინბა მას არ შეხვდა. აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში კლაარმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტები ყველა დონეზე მნიშვნელოვანია.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57 - ე რაუნდი 2023 წლის 4 და 5 აპრილს აპრილს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები