"ევროპა ნოსტრამ" 2023 წლის ევროპის 7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთა შორის ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხეცაა.
მასთან ერთად ჩამონათვალში არიან ბელგიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, გერმანიაში, უნგრეთში, მონტენეგროსა და სერბეთში არსებული კულტურულ-ისტორიული ნაგებობები.
"ამ ძეგლების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში შეტანით, ჩვენ გვსურს გადავცეთ იმედის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილი ადგილობრივ თემებსა და აქტივისტებს, რომელებიც ძალისხმევას არ იშურებენ მათ გადასაჩენად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ტექნიკურ ექსპერტიზას, მოვახდენთ დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას და ჩვენი ფართო ქსელის მობილიზებას მათი საქმისა და ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც ახლა უკვე ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მოდით, გამოვიყენოთ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ვექტორი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და მდგრადი განვითარებისთვის", - აღნიშნა "ევროპა ნოსტრას" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გაი კლაუსმა.
"ევროპა ნოსტრას" საბჭომ ფინალისტები რვა ქვეყნის იმ
11 ძეგლიდან შეარჩია, რომლებიც მრჩეველთა პანელის მიერ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი პროგრამის ნუსხაში იყო შეტანილი. თითოეული ძეგლი მემკვიდრეობის გამორჩეულობისა და კულტურული ფასეულობის, ასევე, მათ მიმართ დღეს არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით შეირჩა.
"ამ ობიექტების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე და საჯარო თუ კერძო სექტორების პასუხისმგებლობა გადამწყვეტ დამატებით ღირებულებად განიხილებოდა. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი დასახელებული ობიექტების პოტენციალია, რაც მათ ქალაქებსა და ფართოდ რეგიონში მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობას გულისხმობს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 შერჩეულ ძეგლს უფლება აქვს მიიღოს ევროპის საინვესტიციო ბანკის მემკვიდრეობის გრანტი 10 000 ევროს ოდენობით იმ შეთანხმებული აქტივობის განხორციელებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილების გადარჩენას.
ჭაქვინჯის ციხე ზუგდიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის II-III საუკუნეებშია აგებული და XVIII საუკუნემდე გამოიყენებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ელინისტურ პერიოდში (323-33წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ადგილი აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა. ძეგლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და რთული კლიმატური პირობების ზემოქმედებით ის მძიმედ დაზიანდა. დამატებით, საბჭოთა პერიოდში აქ კირის კარიერი გახსნეს, მიწის მასების გამოტანამ გამოიწვია კლდის რღვევის პროცესი, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ძეგლის საძირკველს.
7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების პროგრამას ახორციელებს "ევროპა ნოსტრა" ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან პარტნიორობით. ის მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპის" მიერ.
მასალის გამოყენების პირობები