საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან დათმობებზე წასვლა საქართველოს ვერაფერს მოუტანს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო
ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"
ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?", – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, "ჩვენი ისტორიის მქონე ერმა", არ უნდა დაიჯეროს, რომ მოსკოვის პოლიტიკა რუსეთის ინტერესის გარდა, რამე სხვაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.
"...
რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკოდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო?"
კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება".
პრეზიდენტმა რუსეთთან საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას ბოდიში მოუხადა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების, გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს და თქვა, რომ შეურაცხყოფა, რასაც ისინი გრძნობენ, მთელი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია:
"ა
მ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი".
ინფორმაციისთვის, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი რეისი თბილისში 19 მაისს შესრულდა. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ, გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
მისმა დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ მაშინ მედიას უთხრა, რომ ამ დღეს რუსული თვითმფრინავების დაბრუნება საქართველოს ცაზე "... უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა. საერთოდ თუკი დადებითად ჩათვლის ვინმე ამ მოვლენას, მაგათ მგონია, რომ უხერხული მომენტი უნდა ჰქონდეთ".
პრეზიდენტის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე წინ უსწრებდა ახალწვეულების მიერ ფიცის დადება.
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები