"რუსეთში აფხაზეთის ელჩმა" ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ "რუსული ბიზნესი აქტიურ ოპერირებას იწყებს აფხაზეთში და ამჟამად რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში საკურორტო კომპლექსის მშენებლობის პროექტს ასრულებენ".
მისი თქმით, რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტურისტების მოსაზიდად, "სამგზავრო გადაზიდვები უნდა განვითარდეს, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო", ამისთვის, კი მხარეები "ინტენსიურად მუშაობენ რუსეთ-აფხაზეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის გახსნის პროექტზე".
რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კვიცინიამ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგზეც ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, "მზად არის თუ არა თბილისი ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში", ასევე "დამოუკიდებელ აფხაზეთთან" მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგისთვის", მან უპასუხა: "სამწუხაროდ არა. და, ჩემი აზრით, კარგი პერსპექტივები ჯერ არ ჩანს".
"მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სოხუმში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ", აღნიშნა მან შემდეგ კითხვაზე პასუხად:
"რამდენად სავარაუდოა, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც მანამდე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის განზრახვის არქონაზე საუბრობდა, შეცვალოს თავისი პოზიცია დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე".
კვიცინიამ აქვე დასძინა, რომ სწორედ "აქედან გამომდინარეობს პერმანენტული წვრთნები, ხშირად, რუს სამხედროებთან ერთად".
ალხას კვიცინია რუსეთის ფედერაციაში "აფხაზეთის ელჩად" 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.
კვიცინია პარტია "ამცახარას" ყოფილი ლიდერია. ის ე.წ. პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსი იყო. მანამდე "მოსკოვში სოხუმის ელჩის" პოზიციას იგორ ახბა იკავებდა. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
2023 წლის მარტში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს "უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას", რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერების ღონისძიებებს, 2014 წელს - "მოკავშიროებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო 2020 წელს "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა" დაამტკიცეს.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები