აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდეტნმა ასლან ბჟანიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ტექსტში, რომელსაც აფხაზი ლიდერის "ადმინისტრაცია" ავრცელებს, ნათქვამია,
რომ "ისტორიული კავშირი აფხაზ და ბელორუს ხალხებს შორის დღეს წარმოადგენს ძლიერ ფუნდამენტს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის".
ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს". აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
მასალის გამოყენების პირობები