რეგიონი
TI-ი ზუგდიდის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობას აფასებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზუგდიდის საკრებულომ 28 სხდომა გამართა, აქედან 19 სხდომა რიგგარეშე იყო.

TI-ის ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულომ 45 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 30 დადგენილების ავტორი და ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 15 დადგენილებისა კი - საკრებულო.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ გაუმჯობესდა ზუგდიდის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე. ორგანიზაციის განმარტებით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2022 წელს.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით ერთმა - ირაკლი გოგოხიამ შეავსო. წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ამჯერად ინიციატივა საკრებულოში მოქმედ ყველა ფრაქციას ჰქონდა. ფრაქციებმა 2022 წელს ჯამში 59 ინიციატივა წარადგინეს. ფრაქციათა საქმიანობაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 633,443 ლარი შეადგინა. აქედან 599,340 ლარი ხელფასებზე გაიცა, რაც 350,341 ლარით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით 7-დან 14-მდე გაიზარდა ქალი წევრების რაოდენობა, რაც საერთო რაოდენობის 31.1 პროცენტია.საკრებულოს წევრი 14 ქალიდან თანამდებობას 6 იკავებს, მათ შორის სამი კომისიის თავმჯდომარეა, ერთი - ფრაქციის, ორი კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად 2022 წელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა რეკომენდაციები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ასევე დაგმო საკრებულოს წევრის მხრიდან ქალისადმი ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი'', - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები 337-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 320-ჯერ - არასაპატიო მიზეზით.

,,საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი - 22 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, მამუკა ყურაშვილმა გააცდინა, არასაპატიო მიზეზით სხდომების გამცდენთა ლიდერებს შორის არიან დავით ვეკუა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე (17 სხდომა) და პაატა ადამია, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი (16 სხდომა); 2022 წელს საკრებულოს კომისიის სხდომების გაცდენის 297 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 253-ჯერ არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრთა შორის კომისიის ყველაზე მეტი - 26 სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ჯონი ჯიქიამ, კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენთა ლიდერებს შორის არიან, ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია (21 სხდომა) და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, დავით ვეკუა (18 სხდომა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოს 45 წევრიდან სიტყვით არ გამოსულა საკრებულოს 10 წევრი. შედარებისათვის: წინა მოწვევის საკრებულოში 2020 წელს 25 მდუმარე წევრი ჰყავდა. საკრებულოს სხდომებზე მოხსენებით არ წარმსდგარა საკრებულოს 32 წევრი. ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობაზე 2022 წელს ჯამში 1,547,553 ლარი დაიხარჯა, საიდანაც სახელფასო ანაზღაურებას 1,302,230 ლარი მოხმარდა, საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას - 147,676 ლარი, საწვავზე 91,703 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციაზე - 4,757 ლარი, მივლინებებზე კი - 1,187 ლარი'', - ვკითხულობთ TI - ის ანგარიშში.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის'' განცხადებით, წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ზუგდიდის მოქმედი საკრებულო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ავტომობილებით არ სარგებლობს.

,,საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტი შემცირდა 700-დან 400 ლიტრამდე, მოადგილეებისა - 400-დან 350 ლიტრამდე; 2022 წელს საკრებულომ ჯამში 27,6 ტონა (27,675 ლიტრი) საწვავი გახარჯა, შედარებისათვის: 2020 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 42,2 ტონა (42,257 ლიტრი) იყო. გახარჯული საწვავის ოდენობა კი შემცირდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით, 2022 წელს გაიზარდა გახარჯული საწვავის ღირებულება 74,112 ლარიდან 91,703 ლარამდე; საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი საწვავი საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მალხაზ თორიამ მოიხმარა - ჯამში 3,374 ლიტრი, ღირებულებით - 11,150 ლარი. ფრაქციის თანამდებობის პირთა შორის კი ყველაზე მეტი 5,827 ლარის ღირებულების 1,795 ლიტრი საწვავი ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი გოგოხიამ მოიხმარა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შეკრებიდანვე უარი თქვეს სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯების ანაზღაურებაზე. 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით კი იგი გაუუქმდა საკრებულოს ყველა წევრს'',  - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები. საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა გამოავლინოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები.

TI-ის შეფასებით,  უმჯობესია, საკრებულომ შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, რათა გაუმჯობესდეს ინტერესთა ჯგუფების მობილიზების ხარისხი და მოქალაქეთა ჩართულობა, გაიზარდოს სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობა და სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობას'' მიაჩნია, რომ უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრება.

,,მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს წევრს, სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებიც დაეკისროს. აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად გამოიყენონ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით და მოხსენებით გამოსვლის უფლება, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საკრებულოს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ'', - წერს “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო”.

ორგანიზაცია მოუწოდებს ზუგდიდს საკრებულოს, უნდა შექმნას ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ელექტრონულად წარადგენენ პეტიციას, წინადადებას, მოსაზრებას კონკრეტულ საკითხზე თუ ნებისმიერ ინიციატივას, რაც გაზრდის მოქალაქეთა შესაძლებლობას, ჩაერთონ წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.