სამეგრელოში სტიქიის შედეგებს სწავლობენ და ზარალს ითვლიან. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისგან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებით კი სენაკი და აბაშა. დაზიანდა ხიდები, გზები,
ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე სენაკის სოფელ თეკლათის მცხოვრებლები ყვებიან, რომ გუშინ მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ მათ სახლებში შეაღწია, რის გამოც, ისინი იძულებულები იყვნენ ღამე მეზობლებთან გაეთიათ.
"შემოვიდა წყალი, უცებ სირბილით წავედი მეზობელთან, იქ ორსართულიანია სახლი, ზემოთ ვიყავით, იქაც შევიდა წყალი, ლოგინები, ყველაფერი გამიფუჭდა... არაფერი არ მაქვს.... ცარიელი სახლია", - ამბობს თეკლათის მცხოვრები ლუდმილა შენგელია
ადგილობრივები თქმით, მოვარდნილმა წყალმა მათ სახლებში დააზიანა ავეჯი, ტექნიკა, ასევე, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები.
"5 წუთში წყალი მოვარდა. ქათმები დაიხრჩო, წიწილები დაიხრჩო, სიმინდი გაფუჭდა, სავარგული ყველა გაფუჭებულია. - ამბობს ადგილობრივი მზია გვარამია. მისი თქმით, შარშან ივნისის 24-ში იყო იყო მსგავსი წყალმოვარდნა, თუმცა, "წელს კიდევ უფრო მაღალი იყო წყალი და უფრო სწრაფად დატბორა სახლები და ეზოები.
სტიქიის გამო, გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ კი წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.
სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი კომისიები დილიდან მუშაობენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვლელად. ამავე ცნობით, რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმოკლეს დროში აღსადგენად, შექმნილია საგანგებო შტაბები და მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
ამავე თემაზე:
სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია
სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სამეგრელოში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა - ადმინისტრაცია
მასალის გამოყენების პირობები