ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, „მაჩხომერის“ მთაზე VII ეტაპის არქეოლოგიური და შემოგარენში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარდება.
შესაბამისი ტენდერი ადგილობრმა მერიამ უკვე გამოაცხადა და მისთვის 38 700 ლარი გამოყო.
მანამდე აქ არქეოლოგიური გათხრები 2015 წლიდან პერიოდულად მიმდინარეობდა.
სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ გათვალისწინებულია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
„ვინაიდან, ძეგლი თარიღდება V-VI საუკუნეებით (სავარაუდოდ), ანუ ეგრისის სამეფოს ძლიერების ხანით, ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებული არქიტექტურული ობიექტის ბოლომდე შესწავლა“, - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგები, მხატვარ-რესტავრატორი, არქიტექტორ-რესტავრატორი და დამხმარე მუშები.
„სამეცნიერო თვალსაზრისით უპირველესი ამოცანა ეგრისის - ლაზიკის ისტორიის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებაა, მისი განხორციელებისათვის კი აუცილებელია სადაზვერვო თხრილების მეშვეობით შენიშნულ ნაგებობათა დანიშნულების გარკვევა, აგეგმვა, გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის აღწერა და ფოტო ფიქსაცია, ძეგლის ხასიათის, სტრატიგრაფიისა და ქრონოლოგიის განსაზღვრა, არტეფაქტების კამერალური დამუშავება“, - წერია დოკუმენტაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები და შენობა-ნაგებობების ნაწილი ცხადყოფს, რომ ობიექტი დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსია და სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში ის მიმზიდველი გახდება ტურისტული თვალსაზრისითაც.
დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება ,,ჯახუთის ჯიხას“ მიდამოებშია დაგეგმილი.
პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 24 ივლისს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები