ზუგდიდში, დადიანების სასახლისა და ე.წ. ფრანგული პარკის მიმდებარედ მოწყობილი ერთადერთი საბავშვო სივრცე, სადაც სულ რამდენიმე ატრაქციონი მუშაობდა, უკვე რამდენიმე დღეა, აღარ ფუნქციონირებს.
მიზეზი, როგორც თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტით ვკითხულობთ, ტექნიკური გაუმართაობაა.
აქ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ატრაქციონები ძველია და წლებია, ისინი არავის განუახლებია.
ინფორმაცია, რომ ერთადერთი ატრაქციონების პარკი დაკეტილია, ზუგდიდის მერია არ გაუვრცელებია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც გასართობად პარკში მისულ ბავშვს უფუნქციო სივრცე ხვდება. ვიდეო სამოქალაქო აქტივისტმა დავით ლოგუამ განათავსა.
„გუშინ, ადგილზე მისულებს ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა, რამაც სანდროს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.
ზუგდიდში, ეს იყო ერთადერთი ატრაქცია, სადაც ბავშვები ახერხებდნენ გართობას. ისიც მოუვლელი, ბინძური და განადგურებული, მაგრამ მოქმედი“, - წერს ლოგუა.
პოსტის კომენტარებში ზუგდიდელები წერენ, რომ ატრაქციონები, თითქმის ორი კვირაა, დაკეტილია და ადგილზე მისულებს მათაც იგივე სიტუაცია დახვდათ. ადგილობრივები მერიას სთხოვენ, მიაწოდონ ინფორმაცია, განახლდება თუ არა ან რა ფორმით იფუნქციონირებს პარკი.
„2 კვირაა დაკეტილია! იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ყველაზე პატარა, რომელიც მიგვყავდა 2,5 წლისაა და ვერ გაიგო, თუ რატომ.
ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, აქ ბავშვები სად დაგყავთ, რითი ერთობიან,დრო როგორ გაგყავთ...
საერთოდ არაფერია, არაფერი!“, - წერს მომხარებელი ხატია ჯიშკარიანი.
„არა მხოლოდ ზუგდიდს, რეგიონის ბავშვებს ემსახურებოდა ეს უკვე გახუნებული და გაუფერულებული ატრაქციონი (ჩხოროწყუ, წალენჯიხა). ყველაფერი რომ უკან მიდის, ეს ალბათ ზედმეტად "ადუღებულმა" ეკონომიკამ იცის“, - წერს სოფო გოგოხია.
ატრაქციონები ფრანგულ პარკში 2011 წელს გაიხსნა.
რადიო
„ათინათი“ ზუგდიდის მერიას ქალაქში ერთადერთი საბავშვო ატრაქციონების პარკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა. მათ კომენტარს ჩვენ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები