საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორად ჩინური კომპანიის გახდომას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. პაპუაშვილი განმარტავს, რომ ის არათუ საფრთხეს ხედავს ჩინურ ინვესტიციებში, არამედ, მიესალმება კიდეც.
„ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერების მხრიდან ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.
ცვლილებების თანახმად, 28 ივლისის ნაცვლად ანაკლიის პორტის ასაშენებლად კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოოდ ვადა 20 სექტემბერია, წინადადების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო თარიღი კი, ჯერჯერობით, უცნობია.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.
მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები