ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობამ" ქალთა ოთახი გახსნა.
ასოციაციის თანახმად, "ქალთა ოთახის ძირითადი ფუნქცია იქნება დევნილ და ადგილობრივ ქალთა და გოგონათა მობილიზება, სერვისებთან და არაფორმალურ განათლებასთან მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრონმლობის გაძლიერება და თემის განვითარება".
მათივე ცნობით, ინიციატივა, ადგილობრივ ქალთა თხოვნისა და მონდომების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ოთახი გერმანული ორგანიზაციის "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერილი პროექტის, "ძლიერი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისთვის", ფარგლებში გაარემონტეს და აღჭურვეს.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1998 წლიდან მუშაობს და თანამშრომლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, მათ შორის ზუგდიდთან.
ორგანიზაციამ არაერთი პროექტი განახორციელა და განაგრძობს მუშაობას საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის, "ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება", ლოკალიზაციის პროცესში, საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების რეალიზების ხელშესაწყობად.
მასალის გამოყენების პირობები