ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ადგილობრივებმა სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციას როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე, ადგილობრივი მწვრთნელები, მოსწავლეთა მშობლები მართავდნენ აქტივისტებთან ერთად.
“ჩვენ ვმუშაობთ ამ დარბაზში და გვინდა, რომ აღდგეს ჩვენი ძველი სპორტკომპლექსი, როგორიც იყო ძველად, არ გვაწვიმდეს, არ გვათოვდეს, ბავშვებს მიეცეს საშუალება, ნორმალურად ივარჯიშონ. ეს არის ძველთაძველი შენობა, სადაც გაიზარდა მთელი ჩვენი უბანი, მთელი ზუგდიდი”,- თქვა აქციის მონაწილემ რუსლან დარსანიამ.
ის მომავალ მოჭიდავეებს ამ შენობის ერთადერთ ფუნქციონირებად ოთახში ავარჯიშებს.
სანდრო ლომინაშვილი, რომელიც საზოგადოებაში არჩიბალდ მეკეშის ფსევდონიმითაა ცნობილი, ერთ-ერთია, რომელიც გუშინ გამართულ
აქციას ორგანიზებას უწევდა. მან ვიცე-პრემიერს თეა წულუკიანს საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
“კომბინატის სპორტკომპლექსის აღდგენა არის უმნიშვნელოვანესი არა მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის, არამედ, პრეცედენტულად მთელი საქართველოსთვის, სადაც ჩვენი მოსახლეობა მოკლებულია ისეთ ელემეტარულსაც კი, როგორიცაა სპორტული აქტივობები, კულტურული პროგრამა და სხვა.
სპორტი, კულტურა, განათლება და ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს პრივილეგია და ნორმალურ ქვეყანაში ის არის ადამიანის გარანტირებული უფლება. კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ დროულად იმოქმედონ და დაამტკიცონ შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტი”, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.
აქციის მონაწილეების თქმით, გარდა სპორტულისა, შენობა ზუგდიდელებისთვის სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ისინი სთხოვენ ცენტრალურ ხელისუფლებას პროტესტის გათვალისწინებას, შენობის რეაბილიტაციას და ფუნქციონირების აღდგენას.
მასალის გამოყენების პირობები