უკვე რამდენიმე დღეა, მესტიაში ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური ესმით.
გარდა ამისა, მათივე მტკიცებით, ბიძგები იმდენად მძლავრია, რომ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებს აზანზარებს. სოციალურ ქსელში მესტიაში მცხოვრები მომხმარებლები წერენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ჰაწვალის ტყეში, საიდანაც ისმის აფეთქებების ხმა.
“კვლავ ინფორმაციის სრულ ვაკუუმში, მესტიის მოსახლეობა! მეხუთე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს, ჰაწუალ-ჰეშკილის ტყიან ტერიტორიაზე აფეთქებები. მხოლოდ საშინელი ხმა, მტვერი თუ ბოლი გვამცნობს რაიმე "სიახლის" მოლოდინს. ისედაც დაპანიკებული მოსახლეობა, არაერთი ბუნებაზე ამგვარი ჩარევის შედეგების შემყურე, ჭორის დონეზე ვაწვდით ერთმანეთს ინფირმაციას, სავარაუდოდ, რა შეიძლება ხდებოდეს და რისთვის ხელყოფენ მარადმწვანე წიწვოვან თუ ფოთლოვან მდიდარ ტყეს. კატეგორიულად ვითხოვთ, ოფიციალური სამსახურებისგან სრულად ინფორმირდეს მესტიის მოსახლეობა, დაწყებულ პროექტთან დაკავშირებით! წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდება უწყვეტი აქციები მერიის წინ!“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ლელა ჩართოლანი.
პროტესტის პასუხად მესტიიის მერიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაოები „მულხურა ჰესის“ მშენებლობას უკავშირდება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საჯაროდ ცნობილია დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგი ანგარიში და მოსახლეობა საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ.
ლინკი ). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ.
ლინკი ). ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. (იხ. ბმული - http://ei.gov.ge/ ).
ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცესში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჰესის მშენებლობას მდინარე მულხურაზე შპს „აი ჯი ენერჯი“ გეგმავს. შპს "გამა კონსალტინგის" მიერ მომზადებულ შესაბამის სკოპინგის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჰესის შემადგენლობაში იქნება სათავე ნაგებობა, რომლის შემადგენლობაში შევა დაბალზღურბლიანი დამბა, გვერდითი ტიპის წყალმიმღები, სალექარი და თევზსავალი; სადაწნეო გვირაბი; ძალური კვანძი.
„შპს „აი ჯი ენერჯი“ უზრუნველყოფს ჰესის მშენებელობის და ექსპლუატაციის ფაზებზე მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, გაატარებს შესაბამის შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს და დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე. ასეთ პირობებში შესაძლებელი იქნება გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედებების მასშტაბების და გავრცელების არეალის მინიმუმამდე დაყვანა, რაც თავის მხრივ გაზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგების ეფექტიანობას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი შეგვიძლია მივიჩნიოთ ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი პოლიტიკის ჰარმონიულ ნაწილად, რომელსაც შეუძლია ქვეყანას მოუტანოს მაღალი ეკონომიკური სარგებელი, გარდა ამისა პროექტს გააჩნია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პოტენციალი, რაც არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დადებითად უნდა შეფასდეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავლებს მიიღებს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი (ქონების გადასახადი და მიწის გადასახადი) ბიუჯეტი“, - აღნიშნულია ანგარშში.
მესტიელების ნაწილი მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აქციებს აანონსებს.
ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან
მასალის გამოყენების პირობები