რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი ინდოეთმა და ჩინეთმა აღიაროს - კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა
სახელმწიფოებმა "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ, მათ შორის არიან ინდოეთი და ჩინეთი".
"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლების განმავლობაში ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე. რუსეთი უწევდა და გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ მხარდაჭერას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში", - განაცხადა კარასინმა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ჩინეთი და ინდოეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. 2023 წლის ივლისში საქართველომ და ჩინეთმა განცხადა ურთიერთობების გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ. 2009 წელს დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს სირიამ. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა ჯერ აღიარა და შემდეგ გააუქმა - ტუვალუმ და ვანუატუმ.
მასალის გამოყენების პირობები