ბელარუსმა ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი - ინალ არძინბა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა "ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი". ამის შესახებ " საგარეო უწყების" მედიაცენტრი იუწყება.
არძინბამ განმარტა, რომ ბელარუსი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ, ამასთან ერთად, მისივე თქმით, ბელარუსის ლიდერი ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უზრუნველყოფს სოხუმსა და მინსკს შორის "უბაჟო ვაჭრობას".
"ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით", - დასძინა ე.წ. მინისტრმა ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის რაიონების "აქტივებთან" გამართულ შეხვედრებზე.
ინტერნეტ - გამოცემა "აიაირას" ცნობით, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას დავალებით, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს საზოგადოებასთან და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან. მანამდე მსგავსი შეხვედრები გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩელის და სოხუმის რაიონებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები