ტყვარჩელის რაიონის ტყის მასივში სამართალდამცავებმა მაინინგ ფერმა აღმოაჩინეს, კრიპტოვალუტის მაინინგის 148 მოწყობილობით. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით,
„უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე 100,3 კვტ. - ს შეადგენს“.
"მაინინგ ფერმის მესაკუთრის, გუდაუთის რაიონის სოფელ ზვანდრიფშის მცხოვრების ესნათ აგრბას მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შედგა, ხოლო კრიპტოვალუტის მაინინგის მოწყობილობები ამოღებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, სოხუმმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე კრიპტოვალუტის მოპოვებაზე აკრძალვა დააწესა.
უკვე წლებია, ოკუპირებულ აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.
ბოლო წლებში, შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლების გამო მარაოსებრი სისტემით გათიშვები წესდება, ამ დროს აფხაზეთი ელექტროენერგიის რუსეთისგან იღებს.
ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებს, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.
მასალის გამოყენების პირობები