“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიამ 17 სექტემბრის, “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება შპს “სტუდია 1,2,3”-ისგან გამარტივებული წესით 367,054 ლარად, ღონისძიებამდე 6 დღით ადრე, 11 სექტემბერს შეისყიდა.
მათივე განმარტებით, გამარტივებულ შესყიდვას ზუგდიდის მერია ღონისძიების მასშტაბურობითა და კომპლექსურობით
ასაბუთებს და უთითებს, რომ აღნიშნულ განცხადებას
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც ეთანხმება.
როგორც გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო ღონისძიებების შესასყიდი ტენდერი მოეწყო, რადგან ეს ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო დაგეგმილი.
,,შპს “სტუდია 1,2,3”-ის 100% წილის მფლობელია თამარ ფოცხიშვილი, დირექტორი - გიორგი ტეტიაშვილი. კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 2,001,624 ლარის 37 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 751,462 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება მიიღო (საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსგან - 331,408 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან - 53,000 ლარი და ზუგდიდის მერიისგან - 367,054 ლარი). კომპანიამ წარსულში 99,621 ლარის ორ ტენდერშიც გაიმარჯვა. მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს, რაც კორუფციული რისკების მატარებელია'', - ვკითხულობთ TI-ის ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მომავალში უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები