მუჟავაში, ჩვინარეს ხეობაში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების პირველადი შედეგების მიხედვით, აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, არის დარბაზული
ტიპის, კამაროვანი გადახურვით. ამის შესახებ ძეგლთა დაცვის საკითხებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზურაბ სამუშია საუბრობს.
როგორც მან რადიო
"ათინათს" უთხრა, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულმა შემაღლებულმა ადგილმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 500-550 მეტრის სიმაღლეზე.
„რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ოდითგანვე იცოდა აქ არსებული გარკვეული ნაგებობების შესახებ, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული არ არის, თუ რა იყო აქ და რა დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. გარკვეული სამარხი აღმოჩენილი 2017 წელს, ხის მჭრელების მიერ, რაც გახდა ცნობილი პრესისთვის. მაშინ გამოაქვეყნეს შესაბამისი ინფორმაცია და უკვე დაინტერესდნენ მეცნიერები, დაათვალიერეს, შეადგინეს გარკვეული მონაცემები და შემდეგ უკვე იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის შეიძლებოდა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. დღეს არსებული ვიზუალური დათვალიერებითა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოა, რომ ეკლესია მე-11 მე-12 საუკუნეებამდე უნდა აშენებულიყო “, - ამბობს სამუშია.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაუკავშირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტს და მის ხელძღვანელს, ვახტანგ ლიჩელს. შედეგად, მერიის მიმართვის საფუძველზე, სტუდენტური პროქტის ფარგლებში უნივერსიტეტმა დააფინანსა 8 დღიანი ე.წ დაზვერვითი სამუშაოები.
„გათხრები მიმდინარეობს უკვე მეხუთე დღეა. ძალიან დაბურული ადგილია, მხოლოდ ერთი სამარხი ჩანდა, რომელიც ღია იყო. აღმოჩნდა, რომ ბორცვი, რომელიც გარკვეული ქვების გროვის სახით იყო, არის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - პატარა ზომის დარბაზი, რომელსაც აქვს მინაშენი და შესასვლელი დასავლეთის მხრიდან“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ ისტორიული თვალსაზრისით რა სავარაუდო მასშტაბის აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, სამუშია გვპასუხობს, რომ გამომდინარე ხეობის მდებარეობიდან, მას ექნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ეგრისის და ლაზიკის პერიოდის სტრატეგიული საფორტიფიკაციო ნაგებობების ზოლის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომელიც იცავდა ლაზიკას მომთაბარე ტომებისგან, სპარსეთის გავლენისგან და ამ ძეგლის განლაგებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო დიდი ფუნქციის მატარებელი. რადგან ეკლესია იყო, მის გარშემო იყო ციხე-სიმაგრე და მოსახლეობაც“, - აღნიშნა რესპოდენტმა.
არქეოლოგები რამდენიმე დღეში ასრულებენ მუშაობას. სწორედ მათ მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული მასალების დამუშავებისა და ძეგლის შემორჩენილი ფრაგმენტების საერთო სურათის შექმნის შემდეგ იქნება შესაძლებელი შუალედური შედეგების შეჯამება და ძეგლის შემდგომი კვლევის გეგმების დასახვა.
მასალის გამოყენების პირობები