ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის ნაცვლად მუსიკა ისმის.
ინფორმაციას მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ვიდეოკადრები 2023 წლის სექტემბერშია გადაღებული.
მოძრაობა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო:
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები. მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე - V - XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი რომლებსაც ჯაგნარი „ჭამს“. მეტიც, ხიდის მძიმე მდგომარეობის გამო, აღარ იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა - “ქრისტე მეუფეო, ადიდე ორთავე მიწასა შინა სუფევით უძლეველი მეფეთ-მეფე ბაგრატი.“
ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი), რომლის შემორჩენილ კედლებს, ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ქვებში ამოსული ხე- მცენარეებიც ანადგურებენ. საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეების სასახლის სახელით ცნობილი ძეგლი დღეს "ჩაჩბას რეზიდენციად" იწოდება (რასაც გალავანზე გაკრული დაფაც მოწმობს).
განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი (?!), რის შედეგადაც, ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა'', - აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა დაუყოვნებლივ შეწყდეს.
მასალის გამოყენების პირობები