აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის ლევ კვიცინიას განცხადებით, "აფხაზეთის ერთი მოქალაქე უკრაინის ტყვეობაშია". ამის შესახებ მან 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
კვიცინიას ტყვედ ჩავარდნილის ვინაობა არ დაუსახელებია, "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე", თუმცა აღნიშნა, რომ "მის გასათავისუფლებლად გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენები დონბასშიც მუშაობენ".
"ახლობლები მოდიოდნენ ჩვენთანაც და პრეზიდენტთანაც. ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად", - განმარტა კვიცინიამ, რომელიც "აფხაზეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლადაა" დანიშნული "რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან" ურთიერთობაში.
მან დასძინა, რომ პერიოდულად არის სიტუაციები, როდესაც "აფხაზეთის გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრების გამოყვანა "ფაქტობრივად შეუძლებელი" იყო, მაგრამ სხვადასხვა კავშირებით შესაძლებელი ხდებოდა ამ საკითხების მოგვარება.
აფხაზი მებრძოლები უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მოხალისეებად იბრძვიან. ოკუპირებული აფხაზეთის "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი ათი აფხაზი მოხალისის ცხედარი
გადმოასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები