რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 - კილომეტრიანი მონაკვეთი დღეიდან გაიხსნება
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს.
ამავე ცნობით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები