ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი” დაამტკიცა, რომელიც ორ ძირითად პუნქტს მოიცავს.
წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.
შესაბამისად, დადგენილებით, ააიპ მომავალი წლის ზაფხულის დასაწყიში უნდა დაფუძნდეს, თავშესფარი კი, დაახლოებით, წელიწადნახევარში მოეწყოს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
წესის მიღების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა“, - ვკითხულობთ მიღებულ დოკუმენტში.
გარდა ამისა, დადგენილებაში, რომელიც საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს, განსაზღვრულია არაერთი მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, მათ შორის, ცხოველის რეგისტრაცია.
მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ 2019 წელს რადიო
„ათინათის“ დილის ეთერში
დაანონსა. მოგვიანებით, იმავე წლის მაისში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე
ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „კოლოსმა“ გაიმარჯვა.მაშინ მგფ-ში ამბობდნენ, რომ სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარი იყო. 2021 წლის მარტში კი უწყებაში განმარტავდნენ, რომ იმ დროისთვის მშენებლობის დაწყება არ იგეგმებოდა, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა იყო.
ამ დრომდე მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მათი ნაწილის ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გადაყვანით ებრძვის, სადაც ცხოველებს შესაბამის მომსახურებასთან ერთად, კასტრაცია-სტერილიზაცია უტარდება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი 250 ძაღლზე იქნება გათვლილი
ზუგდიდიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანის ტენდერი ისევ ოზურგეთის თავშესაფარმა მოიგო
მასალის გამოყენების პირობები