ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ფიქრობს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა "საზოგადოებრივი საბჭოს"
სხდომაზე. მისი თქმით, ისინი დიალოგს აწარმოებენ რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.
ამავე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა "არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარებაზეც" ისაუბრეს. არძინბას თქმით, შეიქმნება "აფხაზეთის ორმხრივი ბიზნეს საბჭო".
შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზური დელეგაციის მინსკში ვიზიტის შედეგები. არძინბას თქმით, ვიზიტი "ქართველი დიპლომატების გაძლიერებული წინააღმდეგობის მიუხედავად"მაინც შედგა . მან აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები "დაღმავალ ტრაექტორიაზეა".
არძინბას თქმით, უკრაინის ომის შედეგად "პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესები ახალ თვისებებსა და ფორმებს შეიძენს". ამასთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია "ნებისმიერ ინტეგრაციულ გაერთიანებაში აფხაზეთის მონაწილეობის კონკრეტული საკითხების განხილვა". აქვე აღნიშნულია, რომ სოხუმი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს გაერთიანებებში, მხოლოდ "სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებით".
ინფორმაციისთვის, აფხაზური დელეგაცია, ცოტა ხნის წინ, ბელარუსში
იმყოფებოდა, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად".
ბოლო დროს, სოხუმში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავენ.
მასალის გამოყენების პირობები