ზუგდიდი რიგით მესამეა საქართველოს ქალაქების იმ ჩამონათვალში, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა ფარულად ყველაზე მეტ ადამიანს მოუსმინეს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდს მხოლოდ თბილისი და ქუთაისი უსწრებს. სტატისტიკაში მეთექვსმეტე ადგილზეა ფოთი, მეოცეზე კი - სენაკი.
მონაცემი რაიონული ან საქალაქო სასამართლოების მიერ ფარულ სატელეფონო მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების მიხედვითაა შედგენილი.
აღმოჩნდა, რომ 2022 წელს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღნიშნული 1266-დან 959 - სრულად, 114 შუამდგომლობა კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მათ შორის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნილი 61-დან 41 შემთხვევაში სრული ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნება მისცა გამოძიებას, 1 ფაქტზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 19 კი უარყო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წელს ფარულად საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა 12 მოთხოვნილიდან 6 პირს მოუსმინეს და ჩაწერეს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ კი ამავე შინაარსის მოთხოვნილი 9-დან 6 შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება დანაშაულებებს, რის გამოც პროკურატურა უმეტესად მიმართავს სასამართლოებს ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვისთვის, პირველ ადგილზე "ქურდული სამყაროს" წევრობა და "კანონიერი ქურდობაა", შემდეგ მოდის თაღლითობა, მესამე ადგილზე კი სტატისტიკაში ქურდობაა.
მასალის გამოყენების პირობები