პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირი ზუგდიდში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით აიყვანეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები