დე ფაქტო აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა კრიპტოვალუტის 133 მოწყობილობა ამოიღეს, მათგან 96 - ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლის ტყეში, 10 - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა-არმენსკაიაში, გაგრაში - 16, სოხუმში კი - 11.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი".
ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს. 2023 წლის 6 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკაში მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად შტაბი შეიქმნა, რომელსაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს.
ამასთან ერთად, აფხაზი ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში, დე ფაქტო რესპუბლიკაში, შესაძლოა, ისევ "მარაოსებრი გრაფიკი" დაწესდეს, თუ სოხუმი მოსკოვიდან ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებისთვის 900 მილიონი რუბლის მოძიებას ვერ შეძლებს.
მასალის გამოყენების პირობები