აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "გენერალური პროკურატურის" წარმომადგენლები სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე 5 - დან 3 ბრალდებულის ერიკ ჭკადუას, ბესლან ბგანბას და დათო ახალაიას სიკვდილით დასჯას ითხოვენ.
ბრალდების მხარე ბესლან ბლაბბასთვის 20 წლიანი, ხოლო დემურ ახალაიასთვის 18 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ამასთან, ტელეკომპანია "აბაზა ტვ" იუწყება, რომ "აფხაზეთში 2007 წლიდან, მშვიდობიან პერიოდში, სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმია ამოქმედებული".
2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე, რესტორან "სან რემოს" შესასვლელთან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ასტამურ შამბა (ასტიკა) და ალხას ავიძბა (ხასიკა). ორმხრივი სროლის შედეგად დაშავებული რესტორნის მიმტანი, 21 წლის დომინიკა აკირტავა, 3 დეკემბერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ მოვლენების ფონზე, 2019 წლის 2 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე,წ, პარლამენტის დეპუტატებმა "გენერალური პროკურორის" ზურაბ აჩბას და მისი მოადგილის ეშსოუ კაკალიას გადადგომას დაუჭირეს მხარი. ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლეს "შინაგან საქმეთა მინისტრი" ჰარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ ქიშმახოვი.
"ეხო კავკაზას" თანახმად, 2021 წლის 30 აპრილს "უზენაეს სასამართლოს" გადაეცა სამმაგ მკვლელობაზე საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვით, ერიკ ჭკადუას, ბესლან ბგანბას, ასლან ბლაბბას და ძმებს დათო და დემურ ახალაიებს ბრალად ედებათ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა და კიდევ ორის, რუსტამ შამბასა და შამილ ავიძბას მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ვაჭრობა და სხვისი ქონების განზრახ განადგურება.
გამოცემის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ბოლო დროის "ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და გრძელვადიანია", 2012 წელს ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობისა და რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი კომპანიონის გატაცებისა და მკვლელობის საქმეებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები