დეკემბერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქეს.
შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, საქმე ეხება აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ სამართალდარღვევას.
"მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც გზდ აცხადებს, აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები