აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ნაკადის მისაღებად სოხუმმა 835 მილიონი რუბლი გადაიხადა. მისივე თქმით, "75 მილიონის გამოკლებით, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყო".
ოზგანის ცნობით, "აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა 2022 წელთან შედარებით, 312 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა, დამონტაჟდა 22 238 მრიცხველი და მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდებიდან შემოსავლის მოცულობამ 928 მილიონ რუბლს გადააჭარბა". ამავე მონაცემებით, 2022 წლის იმავე პერიოდში, შემოსავალმა 552 მილიონი რუბლი შეადგინა.
უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოხუმი მოსკოვს უნდა შეთანხმებოდა შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებაზე, რისთვისაც 900 მილიონი რუბლის მოძიება იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზი ენერგეტიკოსები "მარაოსებრი გრაფიკის" დაწესებას აანონსებდნენ.
ნოემბერში აფხაზური კომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ წინა წლებში რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდებოდათ, თუმცა, წელს ასე "არ გამოვიდა ".
ენერგოდეფიციტზე საუბრისას, ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა ჰუმანიტარულ საფუძველზე, წელს კი "აფხაზეთის მთავრობამ თავად უნდა გადაიხადოს რუსული ელექტროენერგიის საფასური".
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მაშინ
განაცხადა, რომ "აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, გადაიხადონ მისი საფასური".
უფრო ადრე, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 60/40-ზე პრინციპით განაწილდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 დეკემბერს ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამავე ცნობით, შეხვედრაზე "აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი განიხილებოდა". რამდენიმე დღეში, აფხაზმა "მინისტრმა" თავადვე დაადასტურა ინფორმაცია ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ.
"ენგურჰესის კაშხალზე ნამდვილად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც 2024 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განიხილებოდა. ჩვენ ასევე დავაზუსტეთ ჩვენი პოზიცია ვარდნილ ჰესების აღდგენის თაობაზე - აფხაზურმა მხარემ მათი აღდგენის გეგმები წარადგინა", - განუცხადა მან მედიას.
ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ქართულ-აფხაზური კონსულტაციების შესახებ კომენტარი სთხოვეს. ის შეხვედრის ფაქტ არ უარყოფს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია:
"ენგურჰესი ყოველთვის იყო ურთიერთობის, ნდობის აღდგენის შესაძლებლობა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ 2 საზოგადოებას შორის. ყოველთვის ასე იყო, რომ ენგურჰესი ემსახურებოდა და მისი გეოგრაფიული მდგომარეობაც ისეთია, რომ ეს კოორდინაცია ზოგადად საჭიროა, რომ ობიექტმა იფუნქციონიროს", – თქვა ილია დარჩიაშვილმა.
უკვე წლებია, აფხაზეთი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.
ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% აფხაზური მხარის.
მასალის გამოყენების პირობები